ონლაინ მაღაზია ყველაზე ხშირად არასწორად შეფასებული პროექტია. გარედან ის კატალოგს ჰგავს კალათის ღილაკით. სინამდვილეში ეს ბიზნეს-სისტემაა, სადაც ტექნიკური ნაწილი ნახევარია, დანარჩენი კი პროცესია.
პლატფორმის არჩევა
WooCommerce (WordPress). ყველაზე გავრცელებული არჩევანი საქართველოში. იაფია, მოქნილია, ქართული გადახდის მოდულები არსებობს. კარგად მუშაობს რამდენიმე ასეულ პროდუქტამდე.
Shopify. სწრაფად ეშვება, საიმედოა, მაგრამ ყოველთვიური გადასახადი აქვს და ქართულ ბანკებთან ინტეგრაცია შეზღუდულია.
ინდივიდუალური გადაწყვეტა. გამართლებულია, როცა ლოგიკა არასტანდარტულია - მაგალითად, ზომებით და ფერებით რთული ვარიაციები, B2B ფასები კლიენტის მიხედვით, ან მჭიდრო კავშირი საწყობთან.
გადახდის სისტემები
საქართველოში ძირითადად ბანკის ეკვაირინგს იყენებენ - თიბისი, საქართველოს ბანკი. გასათვალისწინებელია:
- ეკვაირინგის ხელშეკრულება ბანკთან ცალკე ფორმდება და დრო სჭირდება - დაიწყეთ ადრე
- ტრანზაქციის საკომისიო ჩვეულებრივ 2-3%-ია
- განვადება ცალკე ინტეგრაციაა და ცალკე ხელშეკრულება
- ღირს ბანკის გადარიცხვისა და კურიერთან გადახდის ვარიანტების დატოვებაც - ქართველი მომხმარებლის ნაწილი მაინც ამას ირჩევს
მიწოდება
გადაწყვიტეთ დაწყებამდე: ფიქსირებული ტარიფი, ზონებით თუ წონით? უფასო მიწოდება რომელი თანხიდან? თბილისსა და რეგიონებში ერთნაირია? კურიერულ სერვისთან ინტეგრაცია გჭირდებათ თუ ხელით დაამუშავებთ?
ეს კითხვები ტექნიკურად მარტივია, მაგრამ თუ პასუხი გაშვების წინ მოდის, საიტი გადაკეთებას საჭიროებს.
საწყობი და აღრიცხვა
ყველაზე მტკივნეული საკითხი: სად ცხოვრობს ნამდვილი ნაშთი? თუ თქვენ ფიზიკური მაღაზიაც გაქვთ და საიტიც, ორი ცალკე ნაშთი მალე დაშორდება ერთმანეთს. ვარიანტებია: საიტი გახდეს ერთადერთი წყარო, ან მოხდეს სინქრონიზაცია სააღრიცხვო პროგრამასთან.
მეორე ვარიანტი უფრო სწორია და უფრო ძვირიც - ჩადეთ ბიუჯეტში თავიდანვე.
პროდუქტის ბარათი - სადაც გაყიდვა წყდება
კარგი პროდუქტის ბარათი შეიცავს: რამდენიმე ხარისხიან ფოტოს სხვადასხვა კუთხიდან, გარკვევით დაწერილ ფასს, მარაგის სტატუსს, ზომების ცხრილს (თუ ტანსაცმელია), მიწოდების ვადას და დაბრუნების პირობებს.
და უნიკალურ აღწერას. მიმწოდებლის ტექსტის კოპირება ნიშნავს, რომ Google-ისთვის თქვენი გვერდი ასლია - შესაბამისად, ორგანულ ძიებაში პრაქტიკულად უხილავია.
იურიდიული მინიმუმი
საიტზე უნდა იყოს: მომსახურების პირობები, დაბრუნების და თანხის ანაზღაურების წესი, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკა და კომპანიის რეკვიზიტები. ეს არა მხოლოდ კანონის მოთხოვნაა, არამედ ნდობის ფაქტორიც - და ბანკიც ითხოვს ეკვაირინგის გასააქტიურებლად.
ბიუჯეტი
მარტივი მაღაზია 50-მდე პროდუქტით, სტანდარტული გადახდითა და მიწოდებით - 4000-7000 ₾. საშუალო, ფილტრებით, ვარიაციებითა და განვადებით - 7000-12 000 ₾. საწყობის სინქრონიზაციითა და არასტანდარტული ლოგიკით - 12 000 ₾-დან.
დაამატეთ ყოველთვიური ხარჯები: ჰოსტინგი, ეკვაირინგის საკომისიო, მხარდაჭერა და - თუ გაყიდვები გინდათ - რეკლამა.
ერთი რჩევა
არ გაუშვათ 500 პროდუქტით. გაუშვით ორმოცდაათით, ნახეთ რა იყიდება, სად წყვეტს მომხმარებელი ყიდვას, რა კითხვები ჩნდება. ასორტიმენტის გაზრდა მარტივია. გაშვების შემდეგ სტრუქტურის შეცვლა - არა.